ქართული ღვინო

საქართველოს სამართლიანად უწოდებენ „ღვინის აკვანს“ და ეს 2013 წლის დეკემბერში, Unesco-მაც დაადასტურა, როცა ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ამ სტატუსს ღვინის დაყენების უწყვეტი ტრადიციის გარდა პირველ რიგში არქეოლოგიური მონაპოვარი ამყარებს. რამდენიმე ათეული წლის წინ, ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ნაპოვნი VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა, რომელიც მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera Sativa-ს მიაკუთვნება.

ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოში არ შეწყვეტილა მევენახეობა–მეღვინეობის კულტურა, იგი გამუდმებით ვითარდებოდა და ამის მიუხედავად, დღემდე შეინარჩუნა ის უძველესი ბუნება და ტრადიციები, რაც მას ალბათ ათასწლეულების წინ ახასიათებდა. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველო 8000 მოსავლის ქვეყნად მიიჩნევა, ქვეყნად, სადაც ქვევრის წინაპარ ჭურჭელში ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში აყენებდნენ ღვინოს.

ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ევროპულ ენაში, სიტყვა ღვინოს ერთი საფუძველი აქვს და როგორც ენათმეცნიერები ვარაუდობენ, იგი ქართველური „ღვინიდან“ მოდის. Vinum, Wine, Vin, Wein, Вино და სხვ.

 

ყურძნის ჯიშები

საქართველოში ყველა სტილის ღვინოს შეხვდებით. კლასიკურებს – თეთრ და წითელ მშრალს, თეთრ და წითელ ნახევრადმშრალს და ნახევრადტკბილს, სხვადასხვანაირ ვარდისფერ ღვინოს, ტკბილს, შემაგრებულს, ცქრიალას, აისვაინს, ქვევრის თეთრს, ქარვისფერს, ვარდისფერს და წითელს. ბოლო წლებში განსაკუთრებული წინსვლაა ტრადიციული ქვევრის ღვინოების მიმართულებით. საქართველოში უკვე თითქმის ყველა რეგიონში აყენებენ ქვევრის (ჭურის) ღვინოებს და რაც მთავარია, მას ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა უცხოეთში.

ქვევრის პროტოტიპი ჭურჭელი ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში შეიქმნა საქართველოში და მთელი ამ დროის მანძილზე ქვევრის ფორმა იხვეწებოდა და სრულყოფილებას აღწევდა.

ქვევრი პირველ რიგში ტექნოლოგიურ პროცესში, ყურძნის ტკბილის დუღილში მონაწილეობს, თუმცა იგი შესანიშნავი ჭურჭელია ღვინის შესანახადაც. მისი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მიწისქვეშა მარანში ჩარგულ ქვევრებში ღვინის შენახვის ტემპერატურა თითქმის უცვლელია ზამთარ-ზაფხულს. შეგვიძლია გავარჩიოთ ქვევრში ღვინის დაყენების აღმოსავლური (პირველ რიგში კახური) და დასავლური (იმერული და სხვ.) მეთოდები. კახური მეთოდი ჭაჭაზე და კლერტზე ღვინის დავარგებას გულისხმობს, დასავლეთ საქართველოში კი, როგორც წესი, უჭაჭოდ ან მცირე რაოდენობით ჭაჭაზე აყენებენ ღვინოს.

რაოდენობის და პოპულარობის თვალსაზრისით კიდევ ერთი სტილია კლასიკური მშრალი ღვინო. თეთრს, როგორც წესი უჭაჭოდ აყენებენ რეზერვუარებში, ხოლო წითელს რამდენიმედღიანი ან რამდენიმეკვირიანი დავარგებით. ასევე პოპულარული ჩვენთან მუხაში დავარგებული კლასიკური ღვინოები და ნახევრადტკბილი თეთრი თუ მშრალი ღვინოები.

ცალკე საუბრის თემაა ქართული ცქრიალა ღვინოები, რომლისთვისაც პირველ რიგში იმერულ და ქართლის ჯიშებს, ასევე კახეთის ჯიშებსაც იყენებენ.

ერთი სიტყვით, საქართველო ჯიშური მრავალფეროვნების ქვეყნის გარდა სტილური მრავალფეროვნების ქვეყანაცაა და მას ყველანაირი გემოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.