ფალსიფიცირებასთან ბრძოლის სტრატეგიაზე შეთანხმება
14.12.2016
ფალსიფიცირებასთან ბრძოლის სტრატეგიაზე შეთანხმება

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, ჩინეთში, ქალაქ შიანში, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიწვევით, დუგლაძეების ღვინის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ზაალ დუგლაძემ აბრეშუმის გზის საინვესტიციო საჰოლდინგო კომპანიასთან და შანხაის კომერციის საინფორმაციო ცენტრთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას ღვინის პროდუქტების მიკვლევის სისტემის შესახებ. ამ შეთანხმების მიზანია შეიქმნას მიკვლევის სისტემა „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ პროდუქციაზე, რაც საშუალებას მისცემს ჩინელ მომხმარებელს მობილური ტელეფონის საშუალებით დაასკანიროს პროდუქტზე განთავსებული QR - კოდი და მყისიერად მიიღოს ინფორმაცია თუ სად და როგორ არის იგი წარმოებული, სად და როდის არის აღებული ყურძნის მოსავალი, ასევე ინფორმაციას ლაბორატორიული მონაცემების შესახებ, როდის და რომელ საბაჟოზე მოხდა პროდუქტის ჩინეთში შეტანა და ა.შ.

მიკვლევის სისტემის ეს პროექტი უზრუნველყოფს პროდუქციის ავთენტურობას. დღეისათვის, ჩინეთის ბაზარზე მკვეთრად იზრდება ფალსიფიცირებული ქართული ღვინის ჩამოსხმა და გაყიდვა. აღნიშნული მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის და მათი ჩინელი პარტნიორებისათვის, რომლებიც შეშფოთებულები არიან ამ ტენდენციით და ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილავენ მისგან თავის დაცვის გზებს. ამ პროექტთან მიერთებით, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ აპირებს აქტიურად ჩაერთოს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაიცვას თავისი მომხმარებლის უფლებები. აღსანიშნავია, რომ „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობს. პროექტში, რომელიც მოწონებულია ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს, ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროების მიერ. „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ნაბიჯი კარგი მაგალითი გახდება ღვინის სხვა ქართველი მწარმოებლებისათვის, რათა შემდგომში ყველამ შეძლოს სარგებლობა ამ პროექტის უპირატესობებით“ - აცხადებენ კომპანიაში.